თხელი პიცა

ამ რეცეპტით გამომცხვარი 2დიდი პიცა გამოდის. უთხელესია, კიდეებში ხრაშუნა, შუაში კი წვნიანი და ნოყიერი გულსართით. დამზადების დრო: 1სთ.

ინგრედიენტები:

  • ფქვილი  330გრ;
  • რძე  200მლ;
  • საფუარი  7გრ;
  • ზეითუნის ზეთი  2ს/კ;
  • შაქარი  2ჩ/კ;
  • მარილი  ½ჩ/კ;
  • სოკო  250გრ;
  • მუსკატის კაკალი  1ჩ/კ;
  • ზეთი  1ს/კ;
  • ქათმის ფილე  2ც;
  • პომიდორი  4-5ც;
  • ყველი  200გრ;
  • ზეთისხილი  ½ქ;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;
  • არაჟანი  100გრ;
  • ტომატის სოუსი  250გრ;

მომზადების წესი:

თბილ რძეში გავხსნათ საფუარი და შაქარი და 10 წუთით დავდგათ თბილ ადგილას. ღრმა ჯამში გავცრათ ფქვილი, დავამატოთ მარილი, დავამატოთ ამოსული საფუარი, ზეთი, და მოვზილოთ ცომი. ვზილოთ 5 წუთი. დავაგუნდავოთ, დავაფაროთ და თბილ ადგილას დავაყოვნოთ 30 წუთი. გავრეცხოთ და შევაშროთ პომიდორი და სოკო. ყველი გავხეხოთ.დავჭრათ სოკო და დაბალ ცეცხლზე, ზეთში მოვხრაკოთ 3-4 წუთი. დავამატოთ მუსკატის კაკალი და მწიკვი მარილი. ზეთისხილი რგოლებად დავჭრათ, არაჟანი და ტომატის სოუსი შევურიოთ ერთმანეთს, დავჩლიჩოთ მოხარშული ფილე. პომიდორი უშუალოდ გულსართის დადების წინ დავჭრათ. აირღუმელი ჩავრთოთ 250 გრადუსზე. ცომი 2 ნაწილად გავყოთ. გავაბრტყელოთ ან მრგვლად ან მართკუთხედად. დავდოთ ცხიმწასმულ ფორმაში, მომზადებული პროდუქტების ნახევარი გამოვიყენოთ ჯერ ერთი პიცის, შემდეგ მეორეს გულსართისათვის. წავუსვათ ცომის ზედაპირს არაჟნიანტომატიანი სოუსი, დავაწყოთ სოკო, შემდეგ ფილე, პომიდორი და ზეთისხილი. მოვაყაროთ ყველი და შევდგათ გამოსაცხობად 15-20 წუთით. მზა პიცა გადმოვიტანოთ და დავჭრათ. გემრიელად მიირთვით!