ქიშმიშიანი “ნაწნავები” საფუარიანი ცომით

არომატული, მიმზიდველი ფუნთუშებია.  გაანებივრეთ ოჯახი დასვენების დღეს, უფრო ხალისიანი გახადეთ ერთად ყოფნა. დამზადების დრო: 3 სთ.

ინგრედიენტები:

  • ფქვილი  500გრ;
  • დაპრესილი საფუარი  20გრ;
  • რძე  250მლ;
  • შაქარი  4ს/კ;
  • კვერცხი  2ც;
  • ზეთი  60მლ;
  • ვანილი  გემოვნებით;
  • მარილი  1მწიკვი;
  • ნაღები  1ს/კ;
  • ქიშმიში  200გრ;

მომზადების წესი:

შევათბოთ რძე, ჩავდოთ საფუარი, 2ს/კ შაქარი, 1ს/კ ფქვილი, გავხსნათ რძეში და დავდგათ თბილ ადგილას 20-25 წუთით. ქიშმიშს დავასხათ მდუღარე, გადავწუროთ და ქაღალდის ხელსახოცზე დავაწყოთ შესაშრობად. გავცრათ ფქვილი. ოპარაში ჩავახალოთ კვერცხი, 2ს/კ შაქარი, ვანილი, ზეთი და მოვურიოთ. დავამატოთ ფქვილი და ცომი მოვზილოთ. დავაფაროთ და დავდგათ თბილ ადგილას 40-60 წუთით. ამოსული ცომი ერთხელ ჩავზილოთ და დაველოდოთ კიდევ მის ამოსვლას. შემდეგ გავყოთ ორ ნაწილად. თითო კიდევ სამ ნაწილად. ძეხვის ფორმა მივცეთ ცომს, შუაში ჩავდოთ ქიშმიში, კიდეები

 

შევკრათ. გამოგვივიდა 2 ნაწნავი, დავაყოვნოთ 20 წუთი. ნაღები და კვერცხის გული შევურიოთ ერთმანეთს და გადავუსვათ ფუნთუშებს. დავაწყოთ საცხობ ფორმაში და შევდგათ ღუმელში 180 გრადუსზე 20-25 წუთი. გადმოვიღოთ და 20 წუთით გადავაფაროთ  ჩაის ტილო. გემრიელად მიირთვით!