კვერცხის შეღებვა ენდროთი

კვერცხის წითლად შეღებვა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მთავარი რიტუალია. აქ შეგახსენებთ ენდროთი შეღებვის ყველაზე ტრადიციულ მეთოდს. დრო: 2 სთ.

ინგრედიენტები:

  • ენდროს ფესვები  1-2კონა;
  • კვერცხი  30-40ც;
  • ხახვის ფურცლები  4-5 თავის;
  • ძმარი  1ს/კ;
  • მარილი  1ს/კ;
  • წყალი  1,5-2ლ;

მომზადების წესი:

კვერცხი შეღებვამდე ერთი საათით ადრე მაცივრიდან უნდა გამოვიღოთ, რომ ოთახის ტემპერატურა მიიღოს. სასურველია მომცრო ზომის და უფრო მუქი (სოფლის) კვერცხი იყოს. უფრო ინტენსიურად იღებება. კარგად გავრეცხოთ ენდროს ფესვები, დავჩეჩქვოთ, ჩავდოთ ქვაბში,  დავასხათ წყალი და დავდგათ ნელ ცეცხლზე. როცა ადუღდება, დავამატოთ ხახვის ფურცლები და  ვადუღოთ 30 წუთი, გადმოვდგათ და გავაცივოთ. შემდეგ კიდევ ავადუღოთ 20 წუთი, რომ კარგად გამოუვიდეს ფერი.  წყალი შეგვიძლია დავამატოთ. გავაცივოთ. ამის შემდეგ ჩავაწყოთ მასში კვერცხები, ისე განვალაგოთ, რომ ენდროში და ხახვის ფოთლებში იყოს დაფარული, დავამატოთ მარილი და ძმარი. ადუღებიდან 20 -25 წუთი ვადუღოთ, შემდეგ გადმოვიღოთ კვერცხი ცივ წყალში, ასე უფრო ადვილად გაიფცქვნება. ბოლოს ამოვალაგოთ, ვაცალოთ, რომ შეშრეს და ზეთში დასველებული ქსოვილით გავაპრიალოთ. ტრადიციულად შეღებილი წითელი ხასხასა კვერცხი მზადაა! მრავალ აღდგომას დაესწარით!