სალათი ,,ცდუნება“

ვისაც უყვარს ზღვის პროდუქტები, ძალიან მოეწონებათ ეს კერძი, და არა მხოლოდ მათ! ძალიან ნოყიერი და, ამასთანავე, მსუბუქი სალათია და იმსახურებს ყველას ყურადღებას. დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • კალმარები  500გრ;
  • ტყის სოკო (ნებისმიერი სახის შეგვიძლია)  400გრ;
  • ლორი  300გრ;
  • კიტრი  200გრ;
  • კორეული სტაფილო  200გრ;
  • სიმინდის კონსერვი  1ქ;
  • ტოსტის პური (სენდვიჩებისათვის)  1შ;
  • მაიონეზი  გემოვნებით;
  • მდოგვი  გემოვნებით;
  • მარილი, პილპილი გემოვნებით;

მომზადების წესი:

მარილწყალში მოვხარშოთ კალმარები, 3-4 წთ. გადავავლოთ ცივი წყალი და დავჭრათ ღერებად. გარეცხილი კიტრი გავხეხოთ სახეხზე. ლორი დავჭრათ ღერებად. მოვხარშოთ სოკო და შემდეგ შევწვათ, ტოსტის პურს მოვაჭრათ ქერქი, გავჭრათ შუაზე, გავაბრტყელოთ, ორი ნაჭერი გადავაწებოთ ერთმანეთს, დავასველოთ კიდეები და შევაერთოთ. ფორმით ამოვჭრათ გულები, მეორე კედელიც შევუწებოთ, შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ აირღუმელში 5-7 წუთით. სასალათეში შევურიოთ ერთმანეთს ყველა ინგრედიენტი, მოვასხათ მაიონეზი, მდოგვი, მოვაყაროთ მარილი და შავი პილპილი და კარგად ავურიოთ. ხრაშუნა პურის ჭიქები დავალაგოთ ლანგარზე და თითოეულში ჩავდოთ სალათი, შეგვიძლია ისეც დავდოთ ლანგარზე. გამოვიდა ლამაზი და ორიგინალური. გემრიელად მიირთვით!